დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც პროგრამისტის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, აცხადებს, რომ გარდაცვლილი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის გახდა უნებლიე მოწმე დიდი ფინანსური აფიორის და ამიტომ, “იძულებულები გახდნენ, მოეშორებინათ”.
მისივე თქმით, პროკურატურის დასკვნა არის ყალბი.
„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორება, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან, რეიხბახი ცნობილი [..] და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი, – თქვა დავით ფურცხვანიძემ“.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.