“ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, რომ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე იჩაგრება, ვინმეს არ ეძლევა კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენც დაგვყვებით რეგიონებში და ხედავთ, როგორი სიტუაციაა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აბსოლუტურად თანაბარ, მშვიდ პირობებში აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი ხედვა, საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას წარუდგინოს, მოსახლეობას ელაპარაკოს, უთხრას, რას და როგორ აპირებს, რომ თუ მოსახლეობას მოეწონება, არჩევნებში ხმები მიიღოს. ამის თანაბარი შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს. ამიტომ, ეს მანიპულაციები ჩემთვის მიუღებელია”.
კახი კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ მან “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათ ფაქტები და არგუმენტები არ გააჩნიათ.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უკანონო თვალთვალზე საუბრობს. ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში.