„დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“ – ეს განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
„მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევა – არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლაა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“, – თქვა მარგველაშვილმა
პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და ამ ღირებულებებით თამაში დაუშვებელია.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.