“ადმირალის“ გარდა, მეორე საკალმახესაც ვეძებდი, მაგრამ ვერ მივაგენი. არ ვიცოდი ეს საკალმახე სად იყო. აღმოჩნდა, რომ კიდევ ყოფილა. ადგილზე რომ ვიყავით და ადგილობრივებს ვესაუბრებოდით, პირდაპირ მითხრეს, სწორ გზაზე დგახართო. ზუსტად ესაა ის გზა, რომელსაც თქვენ ეძებთო. ვიღაცამ კი არ მითხრა, იქაურმა ადგილობრივმა, ჭკვიანმა ადამიანებმა მითხრეს. პროკურორებს კაბინეტში ვერ დავუჯდები.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“ინტერპრესნიუსი”
როგორც რამიშვილი აცხადებს, ძალოვან სტრუქტურებს სოფლის მაცხოვრებლები დაშინებული ჰყავთ. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ღამეს მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი არ იყო, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებენ.
ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.