ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე მშობლებსა და პედაგოგებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

გამყრელიძე მათ მოუწოდებს, რომ თუ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურა, სკოლაში არ გაუშვან. რაც შეეხება სკოლის ხელმღძვანელებს, გამყრელიძის რეკომენდაციით, მათ მუდმივად უნდა აკონტროლონ  თერმოსკრინინგის პროცესი.  ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყების კვალდაკვალ, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნება, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში არ დაუშვან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა გამყრელიძემ

მისვე თქმით, აუცილებელია სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც  ყოველდღიურად ტარდებოდეს დეზინფექცია.

„ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. უნდა ტარდებოდეს პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება, აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“.

შეგახსენებთ, თბილისში სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება თუმცა გაუქმდა საზეიმო ღონისძიებების ჩატარება.

იტვირთბა....