მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესზე იუბილარიი ანა გაბეჩავა, წვეულების მონაწილე პირები და საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ.
საქმის პროკურორის, ნანა გიგუტიშვილის განცხადებით, ანა გაბეჩავამ საქმეში არსებული „მერსედესის“ მარკის მგზავრების იდენტიფიცირება მოახდინა. გიგუტიშვილის თქმით, გაბეჩავამ მოახდინა კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებზე კონკრეტული პირების, მათ შორის არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება.
“ანა გაბეჩავას მეირ მიცემული ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების დროს იყო დადგენილი, მათ შორის აგარაკის ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყება, რაც გახდა შემდგომში ძალადობის, თავდასხმის, შურისძიების მოტივი, რა მიზნითაც ჩადენილი იყო დანაშაული. გაბეჩავამ მოახდინა კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებზე კონკრეტული პირების, მათ შორის არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება. ეს კადრები ეხება როგორც უშუალოდ თავდასხმის დასაწყისს ავტობანის ტერიტორიაზე, ისე სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.
ამირხანაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოს წარდგენისას ანა გაბეჩავამ მოახდინა ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვანი ა.ქ.-ს იდენტიფიცირება. რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავდასხმის განხორციელების ფაქტს, მოახდინა „მერსედესის“ მგზავრების იდენტიფიცირება. აგარაკზე მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით, ანა გაბეჩავამ მოახდინა სამი პირის იდენტიფიცირება, სამივე ბრალდებულია, აღნიშნული პირები არიან საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ“ – განაცხადა ნანა გიგუტიშვილმა.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია.
ჩანაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.