„ასეთ ამბავთან საერთოდ რა შუაშია თამარი? დედამისი ძალიან ბევრ ზღაპარს ყვება, იქნებ თავის თავს დაადოს ჯერ ხელი და თქვას, რომ თვითონ იყო დამნაშავე რაღაცეებში თამარის მიმართ. მაგალითად იმაში, რომ ბევრი რამ არ იცოდა საკუთარ შვილზე, მის სამსახურზე, თამარის ახლო მეგობრებზე და ა.შ. რატომ არის ეს ბუნებრივი რამ. ვფიქრობ მან და დეა კაპანაძემ იცის ისეთი რამ, რისი თქმაც არ უნდათ და გამოძიება მიჰყავთ ისე, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. მშობლებზე მეტი თამარზე მე ვიცოდი. თუ მშობლები ამჩნევდნენ, რომ თამარი გაღიზიანებული იყო, რატომ არ იფიქრეს, რომ შესაძლოა იგივე გაეკეთებინა რაც სტუდენტობამდე სცადა (თვითმკვლელობა), რატომ არ იზრუნეს მასზე.”
ბაჩანა ლობჟანიძე – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.
ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა.
23 წლის პროგრამისტის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისმა შვილმა სქემა გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა იარაღით ყარაბაღის ომი.
თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველს უკვე გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.