თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველს უკვე გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის.
ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში სავარაუდოდ წერია, რომ 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტებით ინტოქსიკაცია სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
თუმცა, ამ ინფორმაცია ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც ოჯახის ადვოკატს არ გაუსაჯაროებია.
ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჯერჯერობით სრულად არ გაცნობია.
თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.