ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ გადაიდო შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა

ტექნიკური ხარვეზის გამო, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ დაკითხვა მიმდინარეობდა, პროცესზე უნდა ეჩვენებინათ ვიდეომასალა, სადაც მოწმეს უნდა ამოეცნო კონკრეტული პირები, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო სხდომა გადაიდო და პროცესი ხვალ გაგრძელდება.

ე.ხ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაიკითხა. მანამდე კი პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნ.ხ დაკითხეს, რომელიც მცხეთაში წვეულებაზე იმყოფებოდა 18 ივნისს და კიბის უჯრედში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იყო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ დღევანდელი პროცესის დასრულების დრო გახანგრძლივდა, არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....