გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ დღევანდელი პროცესის დასრულების დრო გახანგრძლივდა, არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.
„მცხეთის რაიონული სასამართლო მიჩვეულია ყველანაირ დისკრიმინაციას ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ, რაც გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სამომავლოდ, სულ მცირე ამ კვირაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ჩაგვინიშნა პროცესები, რაც არასრულწლოვნების უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომებს შორის უნდა იყოს გონივრული შესვენება, რათა არასრულწლოვნებს არ შეეზღუდოთ თავიანთი კანონიერი ინტერესი. მოსამართლე ვარაუდობს, რომ დღეს 9-10 საათამდე გააგრძოლოს არასრულწლოვნების პროცესი, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს მთელ სასამართლო განხილვას, რაც პირდაპირ ზღუდავს ადვოკატებისა და არასრულწლოვნების უფლებებს. ამასთანავე, მთლიანად უგულებელყოფილია სასამართლო პროცესის სამუშაო რეჟიმი. უპირველესი მიზანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ როგორმე ჩაეტიოს ექვსთვიან საპატიმრო ვადაში სასამართლო და ამიტომ ჩქარობს… ასეთი რეაქტიული რეჟიმით ამიტომ ახორციელებს სასამართლო სხდომებს. შიში აქვს სასამართლოს, რომ გადასცდება 6-თვიან ვადას, ვინაიდან გამოსაკვლევია უამრავი მტკიცებულება და უამრავი მოწმეა გამოსაკითხი“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.