პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ გაგნიძის ადვოკატების განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე,- არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.