პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტთან ქიბარ ხალვაშის შეხვედრა დასრულდა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვება და პროცესზე მისი წარმომადგენლის დასწრება სთხოვა – ეს მან თავად განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ:

“ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიიღო. მოვუყევი ყველაფერი, რაშიც არის საქმე და ავუხსენი სამართლებრივი მხარე. ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაუკეთოს სასამართლოს, რადგან ის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის – არის მცდელობა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა.

“მან დახმარება აღმითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი, თუმცა მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი, ამიტომ დასკვნას ვერ გააკეთებს და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, ისტორია მოვყევით – როგორ ხდებოდა ყველაფერი. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩავაყენე”, – თქვა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილისა და ქიბარ ხალვაშის შეხვედრის შესახებ გუშინ გავრცელდა. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც აპირებს.

იტვირთბა....