“თამუნას შეყვარებულის ჩვენებაც მაქვს წაკითხული. მათ ორწელიწად-ნახევარი უყვარდათ ერთმანეთი. თემუკა თამუნაზე 1-2 წლით უფროსია, ისიც პროგრამისტია, ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მისი ჩვენება რომ წავიკითხე, აღვფრთოვანდი. მისი ჩვენებით დავრწმუნდი, რომ თამუნა მაგარი გოგო ყოფილა, მას ისე აღწერს, როგორც ფენომენურ ადამიანს. წარმოიდგინეთ, სტუდენტი, რომელიც ქირით ცხოვრობს თბილისში, საფრანგეთში რომ ჩავა გოგონასთან, როგორ ჰყვარებია. ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა. მისთვის ტრავმა იყო დაშორებაც, თამუნას გარდაცვალებაც და როგორც ღირსეული მამაკაცი, არაფერზე ლაპარაკობს.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ადვოკატის მტკიცებით თემურ ჭანუყვაძე 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.