„ამდენი დამთხვევა ხომ არ არსებობს ბუნებაში, რომ უბრალოდ, დაემთხვა და ავტომობილები სწორედ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ. თუმცა, შემდეგ სად წავიდენ და რა გაკეთეს, კაცმა არ იცის. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად“
თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუსის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროვონ.
შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.