“არის ასეთი ბიჭი შოთიკო ჭაბაშვილი, რომელიც მეხმარებოდა ჩემს დასახმარებლად აქციების მოსაწყობად ეს ბიჭი 2 დღეა არ შემხმიანებია, ჩემი წყაროებით გავიგე, რომ ამ ბიჭს მოუწყვეს პროვოკაცია, ვარკეთილის მეტროსთან მივიდა ვიღაცა შავგრემანი ბიჭი მივიდა და სთხოვა ტელეფონზე დამარეკინეო, გამოართვა ტელეფონი და აღარ დაუბრუნა, აღარ დაგიბრუნებო. შოთიკომ პოლიციაში განაცხადა და პოლიციის განყოფილებაში ის სცემეს.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.