“მშვიდობის საბჭოში მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება – იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში. ამ საკითხების მიხედვით არის შერჩეული ის ქვეყნები, ვისთანაც სალაპარაკო აქვთ” – IPN-ის ცნობით, განუცხადა ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკმა ჟურნალისტებს პასუხად კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვია აშშ-ს პრეზიდენტმა “მშვიდობის საბჭოში” საქართველო, როდესაც მიწვევა მიიღო მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმაც.
ვოლსკის შეფასებით, “წმინდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმით” არის გადაწყვეტილებები მიღებული.
“ამ ვითარებაში საქართველო თავისი მცირე რესურსებით სწორ პოზიციაზე დგას, ჩართული არ არის და როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, პერსპექტივაშიც არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს ირგვლივ დაპირისპირება იმ სიმწვავით განვითარდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სამეზობლოში ჩანს. რასაკვირველია, ჩვენ გვაწყობს, რომ სამშვიდობო პროცესი განვითარდეს და რა მეთოდით და ფორმატში მოხდება ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ და გვსურს, რომ გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოა ან ის თავყრილობა, რომელიც პერიოდულად ბრიუსელში იკრიბება და საქართველოს ლანძღვა-გინების გარდა არაფრით არიან დაკავებული. ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა ჩვენთვის მისაღებია და ვისწრაფვით, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე” – ამბობს ვოლსკი.
ივანიშვილის დეპუტატის მტკიცებით, დონალდ ტრამპს “მშვიდობის საბჭოში” ევროკავშირის ქვეყნებიც არ მიუწვევია.
“საფრანგეთი რატომ არ მიიწვია და ევროპის ქვეყნებს რატომ არ იწვევს? ეგ იკითხეთ. ძალიან ვიწრო გონების ადამიანები სვამენ ამ კითხვას, რატომ არ მიგვიწვიეს “მშვიდობის საბჭოზე“. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მშვიდობისა თუ ომის საკითხებს განაპირობებენ მსოფლიოში და ისინი არიან მიწვეულები. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ იწვევს და ისინი ამ თემაზე საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებენ, ესეც ნიშანდობლივია. საქართველო ამასთან დაკავშირებით მყარ და კარგ პოზიციაზე დგას” – აღნიშნა ვოლსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ თუ საქართველო არ მიიწვიეს, ე.ი, არ არის საჭირო, რომ ქვეყანა “ურესურსოდ ჩაერთოს”.
“იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო მოილაპარაკებს იმაზე, რასაც მშვიდობა და სტაბილურობა ჰქვია, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თუ არ მიგვიწვია, ესე იგი არ არის საჭირო, საქართველო ჩაერთოს ურესურსოდ, მსოფლიოში ვითარებაზე გავლენის მქონე რესურსების გარეშე. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება და როგორ განვითარდება პროცესი. დღეს თუ არ ხარ მიწვეული, ხვალ ან ზეგ შეიძლება იყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა საფრანგეთი “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია, თუმცა ემანუელ მაკრონმა მოწვევაზე უარი თქვა. საბჭოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა იტალიამაც.
- აზერბაიჯანი და სომხეთი ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანების მოწვევას დათანხმდნენ
- FT: ტრამპმა უკრაინა “მშვიდობის საბჭოს” წევრად მიიწვია
- კრემლი: ტრამპმა პუტინი ღაზისთვის შექმნილი “მშვიდობის საბჭოს” წევრად მიიწვია
დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებისთვის 60-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც “მშვიდობის საბჭოს” მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
Bloomberg-ის მიერ ნანახი “მშვიდობის საბჭოს” წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც – თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა – თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.
“ყოველი წევრი სახელმწიფო ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლის ვადით იმსახურებს, თავმჯდომარის მიერ განახლების შესაძლებლობით. სამწლიანი წევრობის ვადა არ გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოში ნაღდი სახსრების სახით 1 000 000 000 აშშ დოლარზე მეტს შეიტანენ” – ნათქვამია პროექტში.
17 იანვარს თეთრმა სახლმა “მშვიდობის საბჭოს” წევრების ნაწილი დაასახელა. დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

