გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუსის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროვონ.
„ამდენი დამთხვევა ხომ არ არსებობს ბუნებაში, რომ უბრალოდ, დაემთხვა და ავტომობილები სწორედ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ. თუმცა, შემდეგ სად წავიდენ და რა გაკეთეს, კაცმა არ იცის. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმის გამოძიება დააჩქარონ.
„არჩევნებამდე უნდა იყოს გამოძიებული, თუ არადა, სხვა რადიკალურ ზომებს მივმართავ. კეთილი ინებონ და საქმის გამოძიება დააჩქარონ. აქციის გამართვაც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამდენი ხანი გავიდა და მუხლიც კი არ არის გადაკვალიფიცირებული. გაასაჯაროვონ, იდგა თუ არა ის ავტომობილები იქ. ამას რაც მალე გააკეთებენ, მით უკეთესი მათთვის. იმის ილუზია ნუ ექნებათ, სახლში დავჯდები და მათ დაველოდები“,- განაცხადა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.