“იმის გათვალისწინებით, რომ ეს მანქანა არ არის იმ რანგის, რომ ჰქონდეს ჯიპიესები, ჰქონდეს უმაღლესი კომპიუტერული სისტემა, ჩვენ გადავამოწმეთ ცენტრალურ ოფისში, სათავო ოფისში “ჰიუნდაის”… ყველა მონაცემი მივიღეთ და ექსპერტები და ჰიუნდაის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენს ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს”
მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“ფორმულა”
ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.