“ჩემი ვარაუდით, აქ ზედმეტი გახდა ბატონი იზორია და ეს ვიდეო დასჭირდას მის წინააღმდეგ კომპრომატებისთვის. ვინაიდან ეს ვიდეო მარტო მე მქონდა შენახული, მოინდომეს ჩემგან ამოღება და ამით იზორიას დაშანტაჟება. შედეგი იყო იზორიას მოხსნა. თვითონ უნდოდათ ზეწოლა და სხვა ბერკეტი ჩემს გარდა არ იყო. წამოიწყეს ეს თამაში, რომელშიც მე მომაყოლეს და მე დავიჩაგრე ყველანაირად, შედეგი კი მიიღეს, იზორია საქართველოში აღარ არის.”
გიორგი დვალიშვილი – პოლიციელი, რომელიც ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო სამსახურიდან გაატავისუფლეს
დვალიშვილმა “მეტრონომთან” ექსკლუზიურად ახალ დეტალებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა სამართალდარღვევის გამო დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. მომხდარის გამო კი დვალიშვილი დააქვეითეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.