ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფიგზე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მიმართა და მოუწოდა, “რუსთავი 2-ის” პოზიციაც მოისმინონ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
გვარამიას თქმით, დავით უსუფაშვილს არც კი უკითხავს თუ რა ხდება ტელეკომპანიის თავს.
“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ არც ერთი შეკითხვით არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენი მისამართით. მას არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, როგორც ქვეყნის მეორე პირის, ჩაერიოს ასეთ ვითარებაში და ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ არის წარმართული ეს პროცესები. ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც მედიის თავისუფლების გარანტიების ერთ-ერთი მატარებელი პირისგან, არის გაცილებით მაღალი. ასევე ძალიან უცნაურია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან სრული იგნორირება და უყურადღებობა ჩვენთან დაკავშირებით”, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან “რუსთავი 2-ის” პოზიციის მოსმენის გარეშე კეთდება განცხადებები, რაც უპასუხისმგებლო საქციელია.
“ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაც არის. არც ერთი შეკითხვა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით არ დასმულა, ასევე იმ ფორმალურად ნეიტრალური ხელსუფლების პირებისგანაც კი, რომელიც თითქოს ამით უნდა ინტერესდებოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ხელისუფლებაც და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უფლებები ასე ირღვევა, განცხადებების გაკეთება ჩვენი პოზიციების მოსმენის გარეშე არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების უგულებელყოფა თანამდებობის პირების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც მე ჩამოვთვალე, შემოვიდეს დიალოგში ჩვენთან. ერთ შემთხვევაში მოგვცეს საჭირო ახსნა-განმარტებები, მეორე შემთხვევაში, მოისმინოს არა ჩემი, არამედ ჩვენი კოლექტივის პოზიცია და ამასთან დაკავშირებითაც გამოხატოს შემდგომში საჯაროდ თავისი დამოკიდებულება”, – თქვა გვარამიამ.