19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულმა არასრულწლოვნებმა ზ.ხ.-მ, ლ.შ.-მ და ა.ქ.-მ შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატებმა განუცხადეს.
ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქრო გვიშიანის თქმით, ბრალდებულის შიმშილის მიზეზი მის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის არქონა იყო და იმედოვნებს, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება ზ.ხ.-ს, მისი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, არასრულოვანმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მისი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.
,,შიმშილობას არ აგრძელებს, ცუდად რომ გახდა იმავე დღეს შეწყვიტა შიმშილობა. მოთხოვნები რაც ჰქონდა, არავინ არ გაითვალისწინა და არ დაუკმაყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა შიმშილობა, მოთხოვნები ჩვენ კიდევ გვაქვს, თუმცა აღარ შიმშილობს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესი იმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე 6 მოწმე – სამი გამომძიებელი და სამი პირველ დაპირისპირებაში მონაწილე პირი დაიკითხება.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ ზ.ხ.-მ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.ნ.

