ლასო აბუთიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მანანა ავსაჯანიშვილი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის დასთან და მეგობრებთან ერთად იმ კოტეჯში ისვენებდა, სადაც მკვლელობა მოხდა.
როგორც ავსაჯანიშვილი აღნიშნავს, ლასო კოტეჯში საქმეზე მივიდა, რა დროსაც მუშებსა და მას შორის დაპირისპირება დაიწყო. მისივე თქმით, გაშველების მცდელობისას, გოგოებიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
“ვიზიარებ ლასო აბუთიძის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ეს იქნება უდიდესი და გაუნელებელი ტკივილი. განხილვის საგანი გახდა ფაქტი, რომ თითქოსდა კოტეჯის დამსვენებელმა გოგონებმა დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრეს დაურეკეს. მე ვარ ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი და ამდენი დეზინფორმაციის და ბულინგის შემდეგ ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს! ეს იყო ჩვენთვის, ოთხივესთვის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღე! არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ვგლოვობთ, იმიტომ რომ ამ უმძიმესმა ტრაგედიამ გაგვანადგურა და ახლაც ძლივს ვუყრი სათქმელს თავს, კიდევ უფრო მეტ ლანძღვას ავიტანდით საზოგადოებისგან, ოღონდ ის ადამიანი ცოცხალი იყოს… სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში: არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკავს დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრისთვის. იმ უბედური წუთების დროს, ლასო აბუთიძე ჩვენთან იმყოფებოდა, რადგან ტელევიზორის სადენი ამოიტანა, რომელიც ერთი საათის წინ წაიღო. თავდამსხმელები უკვე წასულები მობრუნდნენ უკან და დაუძახეს ლასოს გარეთ…დაიწყო კონფლიქტი. კონფლიქტის დაწყებისთანავე ოთხივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობდით გვემოქმედა უსწრაფესად, ჩემმა დამ 112-ში დარეკა კონფლიქტის დაწყებისთანავე. მედეა ცირამუამ ხელჩართული ჩხუბის დროს შებოჭილი ლასოს თავდამსხმელებისგან დაცვა ფიზიკურად სცადა, რის გამოც ერთ-ერთმა მკვლელმა სცემა და თმებით ითრია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ვყვიროდით, ვკიოდით და შველას ვითხოვდით, თუმცა უშედეგოდ… მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ და ფიზიკურად გვერჩოდნენ ჩვენც, პირადად მე ბოლოს მეზობელ სახლში შევვარდი და იქ მყოფ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება…. მათი დახმარებით შევძელით ლასოს მკვლელებისგან გამოგლეჯა… სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩვენი ძალებით მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით. არავის, საერთოდ არავის ვუსურვებ იმავეს გამოვლას! ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ წუთების სიმძიმეს! ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადარჩებოდა! საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭი აღარ არის! ვიზიარებ ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას და მწუხარებას!” – წერს მანანა ავსაჯანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

