პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.
მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ.
პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.