ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებიტ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცენტრისმიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ავტოსაგზაოს შემთხვევის ადგილზე მისულ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟს დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ.
„უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს.
გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 საათზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.
სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.
აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.
რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.