პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმის ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით კიდევ ერთხელ დაკითხავს ნიკა გვარამიას.
“2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2″-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი, წინაღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამასახველ ვიდეო ჩანაწერებს, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულს სატელეფონო საუბრებს.
ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი ორის” შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი.
ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა და ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს. გვარამიას განცხადება, რომ მან შეხვედრისას ამ უკანასკნელს გადასცა ხელისუფლების ზემოხსენებული მოთხოვნა არის სიცრუე.
ორივე მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არცერთი მხარის მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ასევე, გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ალექსი ახვლედიანის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის და გასვლის კადრები. დათვალიერდა ნიკა გვარამიას მისაღები და სათათბირო ოთახი, სადაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტელევიზიის სათვალთვალო კამერების მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო გადაღება, ვინაიდან შეხვედრის ოთახში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.
ვინაიდან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს გვარამიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში განაცხადა შანტაჟისა და მუქარის შემცველი ინფორმაციის მიღების შესახებ. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, შეტყობინება მას ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა გადასცა, რომელიც ამავე დროს მისი უახლოესი მეგობარია. მეორე დღეს, გვარამიას დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ თავად გაასაჯაროვა ამ პირის ვინაობა – ის ალექსი ახვლედიანი აღმოჩნდა, მაგრამ პროკურატურაში დაკითხვაზე მისულმა ახვლედიანმა ხელისუფლებისგან გვარამიასთვის შეტყობინების გადაცემის ფაქტი უარყო.