’’ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები მიდის მკვეთრი დაპირისპირების გზით, რასაც იოლად შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები’’- ნათქვამია პარტია ’’თავისუფალი დემოკრატების’’ განცხადებაში, რომელსაც მეტრონომ ჯი უცვლელად გთავაზობთ.
’’ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები მიდის მკვეთრი დაპირისპირების გზით, რასაც იოლად შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი ქმედებები. მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც აშკარად შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოქალაქეების წაქეზებას. ჩვენთვის მიუღებლია ,,ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები შესაძლო მასობრივ გამოსვლებზე, რომელიც მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს ატარებს.
ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“ მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და იმოქმედოს გონების კარნახით და მხოლოდ კანონის ფარგლებში.
იმისათვის, რომ ყველა პროცესი ქუჩიდან შენობაში გადავიტანოთ ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ვიწყებთ შეხვედრებს და მომდევნო დღეების განმავლობაში შევხდებით: პარლამენტის თავჯდომარეს, სახალხო დამცველს, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში, მათ შორის მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი შეხვდრებს მართავს ვაშინგტონის ოფიციალურ წრეებში.
მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას და ვთხოვთ, ვინაიდან ვითარება ასე დაიძაბა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მიეცეს სასამართლოს ყველა ინსტანციის გამოყენების კანონიერი დრო და შესაძლებლობა.
მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, გამოიჩინოს გონიერება, შეწყვიტოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, შეწყვიტოს მოსახლეობის დაპირისპირება, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას’’ – ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემასთან დაკავშირებით მეტრონომ ჯი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:
“პრეზიდენტმა ყველაზე ადეკვატურად შეაფასა ვითარება და აფასებს კიდევაც, აქედან გამომდინარე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც წარმოვადგენ, თავისუფალ დემოკრატებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება მოყვეს ამ დაპირირისპირებას, ამ შუღლს რომელიც სამწუხაროდ ორივე პოლიტიკური ძალის, როგორც “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობისთვის არის მისაღები, სამწუხაროდ ამას ვხედავთ.
ჩვენ არ დავბრუნდებით წარსულში. ეს უკვე ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს, ჩატარდეს არჩევნები, და არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება.”
მეტრონომი: ანუ შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი რუსთავი 2-ის ეს თემა, რომ ვთქვათ, გადაფაროს “გაზპრომის” თემა?
ზურაბ აბაშიძე: “გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და უბრალოდ ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში იყოს ხელშეუვალი და ახლა ვის მოწონს, ვის არ მოწონს რუსთავი 2, ეს ერთი საკითხია მეორეა, რომ ამ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება, მიუხედავად იმ სარედაქციო პოლიტიკისა, რომელიც შეიძლება მიკერძოვებულია და რა თქმა უნდა, ესეც არის, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იგი მაინც არ ექვემდებარება ხელისუფლებას. ეს პრინციპული საკითხია. ჩემი აზრით ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ასე ფიქრობს. არის უკმაყოფილო ხალხიც, როგორც ხელისუფლების, ასევე ნაცმოძრაობის მიმართ, ვინაიდან მათ პერიოდში, ბევრი დანაშაული მოხდა და მათი დაბრუნება სერიოზული საფრთხის მატარებელი იქნება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამაჟამად იმყოფება ამერიკაში და იქ საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე მედიის თავისუფლების თემზეც, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და აქტუალური თემაა დღეს.”