ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება” – ცერცვაძე ხუნდაძეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ პაციენტების მიღება სწორი იყო, რადგან მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს პირობების არ არსებობის გამო საფრთხე ემუქრებოდა.

„ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.

ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით – დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?“ – აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძეს პროგრამის დატოვებაზე სოციალური სააგენტოსთვის წერილით არ მიუმართავს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით. “არაერთი წელია, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს  და სთხოვს, დაეხმაროს გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

იტვირთბა....