მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით – ამის შესახებ, “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პროკურატურა პრემიერის “გათეთრებას” ცდილობს.
“სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისაგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანემედროვე უწყება,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.