“არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი.”
გურამ ამირხანაშვილი – შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმე
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა, გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, რომელიც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს.
გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.