რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივას.
„ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ არ გვსურს ზავი, რომ მივცეთ უკრაინას შესვენებისა და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალება. ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა და ევროპაში სამომავლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა. აი, ეს გვინდა.
საუბარია იმაზე, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მივდივართ გარიგებაზე თუ – არა. ჩვენი პოზიცია კარად ცნობილია, ის არის თანმიმდევრული, გამჭვირვალე და გასაგებია ამერიკელებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის გასაგებია უკრაინელებისთვისაც. უკრაინელებს თუ აქვთ სურვილი და დომინირებას იწყებს სურვილი, შეცვალონ გარიგების მიღწევა ამწუთიერი სიცოცხლისუუნარო გადაწყვეტილებებით, ჩვენ ნაკლებად ვართ მზად ამაში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ უნახავს უკრაინისთვის ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთავაზებების ტექსტი, მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე რეაგირებას კი რუსეთი არ აპირებს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მხარს უჭერს საშობაო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებას.

