გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს დედა მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას. ექიმის ინფორმაციით მას ნევროზული შეტევა ჰქონდა.
“ერთ-ერთი დაკავებულის დედა გახდა შეუძლოდ. მას ნევროზული შეტევა ჰქონდა, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა” – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენელმა.
აქვე გეტყვით, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.