“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ცნობილია. “მეტრონომს” პარტიასთან დაახლოებული პირი უყვება, რომ ეს ვიზიტი წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მიიზიდონ. როგორც წყარო ამბობს, ზუსტად იცის, რომ ამ საქმეში “პატრიოტთა ალიანსს” რუსეთის ხელისუფლება ეხმარება და არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში “ქართული ოცნებაც” ერიოს.
“პატრიოტთა ალიანსს” აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი სურს. ასეთი პოლიტიკა აქვთ მათ. სწორედ ამის გამო იყვნენ ჩასულები. თანაც, არჩევნების წინ გამოიყენებენ ამ ფაქტოს ელექტორატის მოსაზიდად. ზუსტად ვიცი, ამაში “პატრიოტთა ალიანსს” რუსებიც ეხმარებიან და შესაძლოა აქ “ქართული ოცნების” ხელიც ერიოს, რადგან “ოცნებისთვის” უკეთესი ვარიანტი იქნება “პატრიოტებთან” კოალიციაში შესვლა, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სხვა განშტოებებთან” – თქვა წყარომ “მეტრონომთან.”
კონკრეტულად ვის შეხვდნენ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამის მიზეზი შესაძლოა დაბალი რანგის აფხაზ ე.წ ჩინოვნიკებთან შეხვედრა იყოს, რაც მათი პოლიტიკური იმიჯისთვის პოზიტივი ნამდვილად ვერ იქნება.
დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დარჩნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” პარტიის ლიდერებს დაუკავშირდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
“უკომენტაროდ, უკომენტაროდ” – გვითხრა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ლომიამ.
თამარ შუკვანი