ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ყველგან მყავს ხალხი” – სად მუშაობდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა და რა ინფორმაციას ფლობს ის

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებს. მისი თქმით, ის კონტრდაზვერვაში მუშაობდა და გამოძება მის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზ.ხ.-ს მამა ამბობს, მან მისთვის სანდო პირი გუკა ამირხანაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიაგზავნა, რომელიც ამირხანაშვილის მეგობრებს დაუმეგობრდა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რომელსაც მალე გაასაჯაროვებს.

“კონტრდაზვერვაში ვმუშაობდი, იუსტიციის სახლში ვმუშაობდი, დივერსიულ ჯგუფში, სხვადასხვა სტრუქტურიდან ყველგან მყავს ხალხი, დავადგინე, ამირხანაშვილი და შაქარაშვილი იყვნენ ერთად დამალულები შენობის უკან, სადაც გარდაიცვალა იმ ადგილას იმალებოდნენ ზუსტად. სიცრუის დეტექტორზე თქვას, რომ არ დაუნახია როგორ გარდაიცვალა შაქარაშვილი” – აცხადებს ზ.ხ.-ს მამა.

აქვე გეტყვით, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა, შიმშილობას იწყებენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხოს ზ.ხ. და სხვა მოწმეებიც, ასევე, ისინი აყენებე პროკურორის აცილების საკითხს, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვნის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-ს თქმით, მისგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....