ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ”- კალაძე

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული.

„დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება გვეძლეობდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში, ასევე, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი ტრანსფერებით და დახმარებებითაც კი, ვერ იყოს ისეთი, როგორიც მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ინფრაქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დროებით შეჩერება ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.

„2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული  რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი; ქეთევან დედოფლის გამზირი, სადაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება; ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება; აღნიშნულ პროექტებს, ამ ეტაპზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება მათი განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდა დაავალა, რათა დედაქალაქის მთავრობამ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლოს.

„მინდა,  ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება მეტი საპრივატიზაციო აქტივი მოვიძიოთ. შეიძლება ეს იყოს მიწები, შენობა-ნაგებობი, რადგან შემოსავლების ნაწილშიც სერიოზული კლება და პრობლემები გვაქვს. მესმის, რომ ბევრი დაწესებულება დახურულია და ეკონომიკური აქტივობები ჯერ კიდევ არ შეინიშნება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნესსექტორი, გავზარდოთ საპრივატიზაციო ნუსხა იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი გვქონდეს და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

იტვირთბა....