ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაშვილის გადავარდნა დაინახა ამირხანაშვილმა, შეეშინდა და არ თქვა ეს, როდესაც მას შესთავაზეს თბილისში წამოყვანა” – ზ.ხ.-ს მამა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, ამირხანაშვილმა იცის როგორ დაიღუპა 19 წლის ფეხბურთელი და ის გამოძიებას სიმართლეს არ ეუბნება. მისივე თქმით, შაქარაშვილს არ ჩაუვლია ბილიკი, ფერადი შენობის უკან არის გადასავარდნი, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩავარდა და ეს დაინახა ამირხანაშვილმა. ამის შესახებ თამაზ ხომასურიძემ “ფორმულასთან” განაცხადა.

“ამხანაგი მირიანი ამბობს, რომ გამოძიებასთან არ აქვს შეკითხვები. მე ვეკითხები მირიანს, სად წაიღო შაქარაშვილის ბოტასები, რომლითაც ძაღლებმა აიღეს კვალი? რატომ დაიწვა ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორია? ალბათ ბოტასები არ ჩანს იმიტომ, რომ ძაღლმა კვალი იპოვა ფერადი შენობის უკან გადასავარდნ ხრამთან და ამის გაჟღერება მათ არ აწყობთ. მე დავდებ მტკიცებულებებს, რომლებსაც ყველანაირი გზით მოვიპოვებ მალე, რომ გიორგი შაქარაშვილის გადავარდნა დაინახა ამირხანაშვილმა, შეეშინდა და არ თქვა ეს, როდესაც მას შესთავაზეს თბილისში წამოსვლა წამოყვანა “ტოიოტა ქამრის” მგზავრებმა. მე არ ვამბობ რომ შაქარაშვილი თავისთვის გადავარდა იქედან, ეს ამირხანაშვილმა იცის და უნდა თქვას, სიცრუის დეტექტორის გავლით.

ჩემ შვილს დაკითხვისას სცემეს, მის წინააღმდეგ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ვიცი სპორტსმენი ხარ ვერ გატკენ, მაგრამ სულს გაგიმწარებო უთხრეს დაკითხვისას. მე იქ ვიყავი, მაგრამ შემეშინდა, წინააღმდეგობა რომ გამეწია, ჩემი შვილისთვის უარესი არ ყოფილიყო,” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....