გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გვარი ჩნდება, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შემდეგ აქტიურ კომუნიკაციაშია ვახტანგ ჩიქოვანთან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს, რომელსაც ედუარდ ხაჟალიამ ასევე განუცხადა, რომ ჩიქოვანს მისთვის არ დაურეკავს.
ვახტანგ ჩიქოვანი და ედუარდ ხაჟალია, დაახლოებით 55 წუთის განმავლობაში ერთმანეთს 47 ჯერ ურეკავდნენ. ჩვენებაში ედუარდ ხაჟალია ამბობს, რომ ნომერი ნამდვილად მას ეკუთვნის, თუმცა მისთვის ვახტანგ ჩიქოვანს არ დაურეკავს.
“2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მე არ შემხმიანებია ვახტანგ ჩიქოვანი. აღნიშნული ტელეფონით ვსარგებლობ მე თვითონ და სწორედ აღნიშნულ ნომერზე მეკონტაქტებიან მეგობრები. 18-19 ივნისს ვახტანგ ჩიქოვანს არ დაურეკავს და არც მოუწერია” – თქვა ედუარდ ხაჟალიამ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.