ამ წუთებში მდინარე არაგვის ხიდთან, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების დაცვის მხარე საგამოძიებო ექსპერიმენტს იწყებს.
საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან. დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პირი, რომლებიც ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით იღებენ მონაწილეობას და საქმის ფიგურანტები არ არიან.
კობაიძის თქმით, ექპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი – ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.