ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბაჩალიაშვილის მეზობლებზე ახდენენ ზეწოლას, იღებენ ფოტოსურათებს” – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მისი მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. 23 წლის ახალგარზდა ქალის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე უნდა განიხილონ ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც მის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ “მათი შვილი მაგარ შარშია.”

“სხვა მოწმე არ გაგვაჩნია ბაჭულაშვილთან დაკავშირებით. მე თვითონაც მივადე ყური ჩემი მეუღლის ტელეფონს, როცა ესაუბრებოდა და იგივე გავიგონე, რაც ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ თქვენი შვილი მაგარ შარშიაო” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

იმავეს ადასტურებს გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

“რომ დავურეკე, ბაჭულაშვილმა ​მითხრა, შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო და მაგასთან დაკავშირებით. ეს მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ ახლა გენინსპექციაში, ვნახოთ, რას იტყვიან ამაზე. ამას ველოდებით დიდი ხანია, არაფერი რეაგირება ამაზე დღემდე არ ყოფილა. ველოდებით რა იქნება” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შესაძლო მოწმეებსა და მეზობლებზე ზეწოლაზე საუბრობს.

“ლეპტოპს ჰქონდა ფლეშკა, რომელიც დაკარგულია. გარკვეული პირები (მანქანის ნომრებიც არის დაფიქსირებული) სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლებიც მოდიან და მეზობლებზე ახდენენ ზეწოლას, იღებენ ფოტოსურათებს. ამავდროულად, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების თითქმის მთელი მოსახლეობა არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ცნობილია, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს. საქმე ეხება “ტოიტოა ქამრის” მარკის ავტომანქანას, რომელიც ბაჩალიაშვილებმა მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენჯერე დააფიქსირეს და საეჭვოდ ჩათვალეს.

ცნობისათვის,  თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....