გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ცნობილია, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს. საქმე ეხება “ტოიტოა ქამრის” მარკის ავტომანქანას, რომელიც ბაჩალიაშვილებმა მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენჯერე დააფიქსირეს და საეჭვოდ ჩათვალეს.
ოჯახის თქმით, 23 წლის ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ სახლთან ხშირად იდგა ავტომობილი, მანქანაში მსხდომი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებისა და სიკვდილის შემდეგ კი მეზობლებმა სახლთან უკვე “შკოდას” მარკის ავტომანქანა დააფიქსირეს, საიდანაც მათ ფოტოებს უღებდნენ
გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩალიაშვილების მეზობლებიც.
“ბევრჯერ მყავს შემჩნეული შავი ტოიოტა ქამრი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ღამე იჯდნენ შიგნით და კომპიუტერი ეჭირათ. უცხომანქანს რომ ვხედავდი, ბიჭებს შევეკითხე და ყველამ თქვა, რომ არ არის უბნის მანქანაო” – თქვა ბაჩალიაშვილების მეზობელმა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი შსს-ს დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფოროსის მოადგილის, ნიკოლოზ ბაჭულაშვილის შესახებაც მიაწვიდს ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ “მისი შვილი შარში იყო”.
“თვეზე მეტია რაც ეგ მანქანა მანდ იდგა, გაუჩინარებამდე, მერე გაქრა. 8 საათზე მოსული საღამოს და 3 საათზე წასული, მთელი დღე მანქანაში ზიან, ეგ მეზობლის არ იქნება” – განაცხადა კიდევ ერთმა მეზობელმა.
ცნობისათვის, თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.