„თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს, რაც კითხვები გვექნება, განვიხილავთ. ექსპერტიზის მერე გადაკვალიფიცირდება. ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ ხუთშაბათს იქნება. მე რაც მინდოდა, იმას მივაღწიე.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურატურაში შეხვედრა დასრულდა. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მიიღეს დაპირება, რომ ხვალიდან გენერალური პროკურატურა იქნება ის უწყება, რომელიც 23 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეს გამოიძიებს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.