პროკურატურაში შეხვედრა დასრულდა. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მიიღეს დაპირება, რომ ხვალიდან გენერალური პროკურატურა იქნება ის უწყება, რომელიც 23 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეს გამოიძიებს.
ადვოკატის განცხადებით, მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, რომელი ქვეყნის საგამოძიებო ჯგუფი ჩაერთვება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.