ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია და პარტიულ სიაშიც მოხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი გიორგი შაქარაშვილის გამო თქვა. ამის შესახებ მან გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნიკოლაძემ თავის პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სტატუსისა, ის გიორგის ბიძად რჩება და ეამაყება, რომ მკვლელების ბიძა არ არის.
„მე მაჟრიტარობაზე ვთქვი უარი, მხოლოდ და მხოლოდ გიორგის საქმის გამო, არ მიღირს, ასჯერ მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, მეტსაც გეტყვით, ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც“ და ამ „ქოცნებასაც“ ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო. არ შემიძლია.
ვერ ვიზამ, რომ ვიღაცას ვათქმევინო, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდა ეს გაჭირვებული და თავისი საქმე გაიკეთაო. რაც შეეხება პარტიის სიას, ხომ იცით, თუ ხარ პოლიტსაბჭოს წევრი, ავტომატურად სიაში იქნება. არ ვიცი, სიაში მერამდენე ადგილზე ვარ და ისიც არ ვიცი, პარტია რამდენ ხმას აიღებს.
ახლაც გრძელდება გიორგის საქმის მიმართ ინტერესი და გაგრძელდება ყველა დამნაშავის დასჯამდე და მერეც. ასეა, კი, მე გიორგის ბიძა ვარ და მეამაყება, რომ მისი ბიძა ვარ და არა მკვლელების” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.