ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სამსახურთან კავშირს გამორიცხავს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალება სამსახურს არ უკავშირდებოდა.  თამაზაშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის მკვლელობა რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა.

“100% დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში. თამარს კომპიუტერი უკვე ორშაბათს უნდა დაებრუნა სამსახურში. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი შაბათს. იმ კომპიუტერზე იყო ფლეშკა, რომელიც დაიკარგა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც იპოვეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....