“სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის, რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს”, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიამ ასევე სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა.
„ჩვენამდეც სკოლების დახურვის და გახსნის გამოცდილება ბევრმა ქვეყანამ გაიარა. ზოგადად , კორონავირუსმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროცესებზე. იუნესკოს მონაცემებით, დაახლოებით, მოსწავლეების 60%, ყველა ქვეყანაში მოხვდა გარკვეული შეფერხებების რეჟიმში, რაც გამოიწვია COVID19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა.
ბევრი ქვეყანა მიმართავს გამოვლენის მაჩვენებელს, თუ COVID19-ის რამდენი დადებითი შემთხვევა ვლინდება ტესტირების შედეგად. 5%-ი ეს არის მისაღები მაჩვენებელი. თუ 100 ადამიანიდან 5-ს აქვს კორონავირუსი ქვეყანაში, ტესტირების შედეგად, ეს ნიშნავს რომ რისკები მაღალია. ჩვენ შემთხვევაში, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1%-ზე დაბლაა, რაც ქმნის კეთილსაიმედო ეპიდემიურ სიტუაციას. ამრიგად, ამ სიტუაციაში საკმარისად უსაფრთხოა სკოლების გახსნა და საკმარისად გრძელვადიან პერსპექტივაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგან ეპიდემიური ტენდენციები დღევანდელი სურათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გვაძლევს დრამატული მატების, პროგნოზირების საფუძველს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, სამინისტრო და სპეციალისტები ყურადღებით დააკვირდებიან ეპიდემიური მოვლენების განვითარებას.
„კორონავირუსის გავრცელების ტენდენციები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია შექმნის სკოლებისთვის კეთილსაიმედო ვითარებას სკოლების გახსნისთვის. კიდევ საიმედო და დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც უახლესი კვლევებიდან გამოიკვეთა, ბავშვი თვითონ, კორონავირუსის მიმღებიც და გადამტანიც არის ნაკლებად. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ნიღბების გამოყენების სპეციფიკურ წესზე ვსაუბრობთ და ნიღბებს ვთხოვთ ძირითადად პედაგოგიურ პერსონალს და მოზრდილ ადამიანებს, ესეც ემყარება იმ ახალ მტკიცებულებებს, რომ მოზრდილი ადამიანი უფრო მეტადაა ინფექციის მიმღებიც და გადამტანიც. სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლის სივრცეში გადაადგილებისთვის, სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის, კვებისა და სწავლის პერიოდში სხვა პროცესების წარმართვისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა – შესაბამისი ბრძანება №01-408/ო საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.