ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლის სივრცეში გადაადგილებისთვის, სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის, კვებისა და სწავლის პერიოდში სხვა პროცესების წარმართვისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა – შესაბამისი ბრძანება №01-408/ო საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსწავლეებს მოუწოდებს: დაიცვან სასწავლო დაწესებულებების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა; ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით; დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ ერთჯერადი სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი; მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას; სწავლების პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება უზრუნველყონ, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; არ გამოიყენონ სხვისი ნივთები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.
მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს კი შემდეგი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ: ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში, არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში; ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად; სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეატყობინონ კლასის დამრიგებელს.
რეკომენდაციების თანახმას, დაუშვებელია სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა. სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართულად მუშაობა, ხოლო მოსწავლეებს ურჩევს საკვები კონტეინერით ატარონ.
სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებს, თითოეულ მოსწავლეს მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია; უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან.
სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშავონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.
რაც შეეხება საკლასო ოთახში მაგიდების/მერხების განლაგებას, მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:
მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ ერთი მეტრისა;
მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ ორი მეტრისა.
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.
რეკომენდაციების თანახმად, სკოლის შესასვლელში დეზობარიერი, ხოლო თვალსაჩინო ადგილას „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები უნდა განთავსდეს. ყველა სკოლა ვალდებული იქნება, რომ ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.) განათავსოს. სავალდებულოა, რომ დისპენსერები თითო სართულზე არანაკლებ ორი ცალი იყოს.
სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებ იქნება მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები.
სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი.