სურსათის ეროვნული სააგენტო ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთების ერთ-ერთი პარტიაში Covid-19 აღმოჩენას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.
“გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს. ამ ეტაპზე, საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია”, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალაქ შენჟენის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.