ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობისთვის გავიმეორო, ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს” – რა ვითარებაა მესტიაში

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, სოზარ სუბარის  განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში  ბევრი ადამიანი იკეთებს ტესტირებას, რაც იძლევა შანსს, რომ მუნიციპალიტეტი გაიხსნას. მისი თქმით, მხოლოდ დღეს ტესტირება 854 ადამიანს ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან. ამის შესახებ მან “პირველ არხთან” ისაუბრა.

„დღის ბოლოს შეგვიძლია, შევაჯამოთ ტესტირების შედეგები. დაახლოებით გავიმეორეთ გუშინწინდელი შედეგები – 854 ადამიანი გაიტესტა დღეს, ოღონდ ძალიან გაფართოვდა გეოგრაფია – იყო უშგულიდან დაწყებული დამთავრებული ხეობის დასაწყისიდან სოფლებით – ხაიში, იდლიანი, ფარი, ჭუბერი. ხვალ კიდევ უფრო გაფართოვდება ეს გეოგრაფია და ვფიქრობ სამ-ოთხ დღეში სრულად იქნება მოცული ყველა. დადებითი დინამიკა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი გუშინ ძალიან ბევრი იყო დადებითი გამოვლენილი, დღეს 600 პასუხიდან ერთია დადებითი და ის ერთიც ვიცით საიდან არის, კონკრეტულად ლენჯერის კლასტერთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, მშვიდად ვიქნებით, რომ გავრცელების არეალი არ არის წასული შორს.

კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობისთვის გავიმეორო – ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. საკმარისია, ერთ რომელიმე სოფელში ერთ ადამიანს ჰქონდეს „კოვიდი“, რომ შეიძლება ორი-სამი კვირის შემდეგ მივიღოთ რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული დაავადებული. ამიტომ არის ეს ვერაგი დაავადება, ამიტომ გვჭირდება სიფრთხილე და მუდმივი მობილიზება და ამისკენ მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ ყველას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა შტაბის ყველა წევრს, ბატონ ამირანს, რომელიც პირადად ადგას თავზე განაწილებას ჯგუფების, ყოველწამიერი მონიტორინგი ვინ სად არის, დეპუტატს, საკრებულოს, მერს, რომლებიც პირადად რეკავენ თითოეულ ადამიანთან, მოსახლეობას, რომელიც ძალიან მობილიზებულია, რომლებიც მიდიან და იკეთებენ ტესტებს. ძალიან მაღალია იმ ადამიანების პროცენტი, ვინც მიდის და ტესტირებას იკეთებს და ეს ჩვენ მოგვცემს შანსს, რომ ძალიან მალე დავამარცხოთ ლოკალური აფეთქება და შესაძლებლობას მოგვცემს, გავხსნათ მესტიის მუნიციპალიტეტი“ – განუცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველ არხს” განუცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 არის ლენჯერიდანაა. 

მანამდე, 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში 17 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....