მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პირველ არხს” განუცხადა.
„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია.
დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 არის ლენჯერიდანაა.
მანამდე, 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში 17 შემთხვევა დადასტურდა.