“მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა. მესმის, რომ ეს ყველაფერი როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს უფრო ემოციურია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მის ოჯახის წევრებს. ახლა მის ოჯახს, პირველ რიგში, გვერდში დგომა სჭირდება და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და მისი სწრაფად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში.“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან 19 წლის დაღპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანი.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.