სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, 2020 წლის სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ.
აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საშუალება აქვთ, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვონ 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა პირს არ შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge- ავრცელებს.
ვისზე არ გაიცემა სახელმწიფო გრანტი?
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
ასევე, გრანტი არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან. დაბოლოს, გრანტი არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტს და რა ხდება მაშინ, თუკი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის 4 საგნის ჩაბარებაა საჭირო?
გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. ესენია: ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის გამოცდებში მიღებული შედეგები, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი).
მეორე კონკურსის დროს აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
ცნობისთვის, იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:
- ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;
- ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის მეტ ოდენობას.
თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს მეტი თანხა გადანაწილდება.
საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება საგნების რიგითობა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია.
თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
როგორ გამოითვლება აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა?
აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;
ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;
გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.
აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე. (მაგალითად – 10-ზე, როგორც ეს აღნიშნულ მაგალითშია მოცემული).
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება:
საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა იყოფა 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:
ა) მათემატიკა;
ბ) ბიოლოგია;
გ) ქიმია;
დ) ფიზიკა;
ე) ზოგადი უნარები;
ვ) ისტორია;
ზ) გეოგრაფია;
თ) ლიტერატურა;
ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
კ) სამოქალაქო განათლება.
მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგად უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა – 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის -პრიორიტეტული წონა – 1.
საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.
როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე?
სახელმწიფო დაფინანსება (100%-ის ოდენობით) გაიცემა სპეციალურად ამ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ზოგადი უნარების 22 აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ან აფხაზური ენის ან ოსური ენის გამოცდის შედეგის საფუძველზე. რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების/აფხაზური ენის/ოსური ენის შედეგის საფუძველზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდა. აბიტურიენტებმა 4 სავალდებულო გამოცდის ნაცვლად სამი ჩაბარეს. ცვლილების მიხედვით უმაღლეს სასწავლებელებს უფლება მიეცათ გამოცდაზე მათთვის სასურველი საგანი დაამატონ. ცნობისთვის, 2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებდნენ.